აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ აპლიკაცია TikTok-ის ამერიკულ განყოფილებას ამერიკული კომპანია შეიძენს, აშშ-ის მთავრობამ გარიგებიდან წილი უნდა მიიღოს.
„აშშ-მა ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებდა ჩემს გარდა. ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია,“ - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, გარიგებიდან „მნიშვნელოვანი წილის“ მიღების შესახებ მოთხოვნაზე მას კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელთანაც ჰქონდა საუბარი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ აპლიკაციის შეძენაზე ამერიკული კომპანია მოლაპარაკებებს 15 სექტემბრამდე არ დაასრულებს, TikTok-ი ამერიკაში აიკრძალება.
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაცია ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილ აპლიკაცია TikTok-ს ჩინეთის ხელისუფლებისთვის მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს.