ფრანგულმა ფუფუნების საგნების მწარმოებელმა კომპანიამ LVMH ოთხშაბათს უარი განაცხადა ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany&Co-ს 16 მილიარდ დოლარად შეძენაზე.
ეს შეთანხმება შეიძლებოდა ლუქს კლასის პროდუქციის ბაზარზე უმსხვილესი გამხდარიყო და მასზე საუბარი პანდემიამდე დაიწყო. როგორც ჩანს, საბოლოდ შეთანხმების ჩაშლის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა, რომელმაც სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა.
LVMH-ში აცხადებენ, რომ მათ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე წარედგინათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, რომელშიც იყო თხოვნა, რომ აღნიშნული კონტრაქტის გაფორმება 2021 წლის 6 იანვრამდე გადადებულიყო. მიზეზად კი შტატების მხრიდან ფრანგულ ნაწარმზე საბაჟო ტარიფის შესაძლო დაწესება სახელდება. გარდა ამისა, კომპანიას კონტრაქტის გადადება 24 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე სთხოვა თავად Tiffany-მაც.
Tiffany-მ ფრანგული კომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ამერიკული კომპანიის აზრით, LVMH-მა არ შეასრულა პირობა, რომელიც ანტიმონოპოლიური სამსახურებისგან ნებართვის მიღებას ეხებოდა.