გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, - Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. სააგენტოს ცნობით, 1 დეკემბრიდან 5-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება. დახურული რჩება ბარები და რესტორნები. ამასთან, შობის დღეებში შეზღუდვები შემსუბუქდება და ოჯახებსა და მეგობრებს შობა-ახალი წლის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა მიეცემათ. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დასაშვები ხდება 10-მდე პირის თავშეყრა. გერმანიაში, კორონავირუსის მეორე ტალღის შესაჩერებლად ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნი“ 2 ნოემბერს დაწესდა. ქვეყანაში ბარები და რესტორნები დახურულია, თუმცა ღიაა მაღაზიები და სკოლები. გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 633 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 961 320-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსს კიდევ 410 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 14 771-ს მიაღწია.