პოლიციამ თბილისში, არასრულწლოვნის დაჭრის საქმეზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.