ამერიკის 10-მა შტატმა კორპორაცია Google ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის Facebook-თან შეთანხმებით მოქმედებაში. ამის შესახებ ჯგუფურ საჩივარშია ნათქვამი, რომელიც ტექსის პროკურორმა გაავრცელა.
საჩივარში წერია, რომ 2017 წელს Facebook გახდა Google-ის სერიოზული კონკურენტი ინტერნეტ-რეკლამის სფეროში. კომპანიები შეთანხმდნენ, რომ თავი აერიდებინათ კონკურენციისთვის ამ სფეროში. მოსალოდნელი იყო, რომ Google შეინარჩუნებდა ლიდერობას ამ ბაზარზე, იმის გარანტიით, რომ Facebook-ი მიიღებდა წვდომას მის რამდენიმე სექტორზე. ამავე სარჩელის თანახმად, კომპანიებმა მოახდინეს საკუთარი ქმედებების კოორდინირება, მათ შორის, აუქციონების ჩატარების დროს, სადაც სარეკლამო შეკვეთები განისაზღვრა. როგორც მომჩივანები ამტკიცებენ, Google და Facebook ასევე ცდილობდნენ „ფასებით მანიპულირებას“ ამ სფეროში.
მომჩივანების მიზანია, Google-ს დაეკისროს ჯარიმა და კომპენსაცია მიყენებული ზარალის გამო, თუმცა არ კონკრეტდება რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს. საქმეში Facebook-ი როგორც მოპასუხე არ არის ნახსენები.