კომპანიამ Apple მუშაობა დაიწყო სმარტფონზე, რომელსაც კეცვადი ეკრანი ექნება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ეკრანების შემუშავების სტადიაზეა და ამ ეტაპზე კეცვადი iPhone-ის პროტოტიპი კომპანიას არ აქვს. მათივე ცნობით, Apple-ში ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, თუ როგორი იყოს ეკრანის ზომა. უმეტესობა ეკრანებს, რომელსაც Apple ტესტავს, უხილავი მექანიზმი აქვს, შედეგად კი გახსნისას ეკრანი ერთიან ფორმას იძენს.
ცნობისთვის, ზუსტად ასეა მოწყობილი Samsung-ის კეცვადი სმარტფონები - განსხვავებით Microsoft-ის კეცვადი ეკრანებისგან, რომლებშიც ეს მექანიზმი ხილულია.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, კეცვადი iPhone სავარაუდოდ მალე არ გამოჩნდება და ისიც არაა გამორიცხული საერთოდ არ გამოვიდეს. გამოცემის ცნობით, Apple წლის ბოლომდე მისი ფლაგმანების ხაზის განახლებაზეა კონცენტრირებული.
ამასთან, კორონავირუსის პანდემიამ გაართულა პროდუქციის შექმნის პროცესები, ვინაიდან კომპანიის ინჟინრები სილიკონის ველის ოფისში კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე იკრიბებიან, თანაც შეზღუდული რაოდენობით.