იაპონიის პრემიერ - მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობამ საზოგადოებისთვის საკმარისი სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფა ვერ შეძლო, - ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მე, როგორც პასუხისმგებელი პირი, ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ საჭირო ზრუნვის განხორციელება და ამას ვაცნობიერებ, რადგან იაპონელები შეშფოთებულები არიან,“- განაცხადა სუგამ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.
CNN-ის ცნობით, ამჟამად იაპონიის თერთმეტ პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კვირის მონაცემებით, სულ მცირე 18 111 კოვიდინფიცირებული საავადმყოფოში საწოლის ან საკარანტინო დაწესებულებაში ადგილის გათავისუფლებას ელოდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც იანვარსა და დეკემბერში კოვიდ -19-ისგან სახლში დაიღუპნენ.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კოვიდ 19-ით, საერთო ჯამში, 372 498 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 5 297 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა.