„შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, დამსაქმებლებს ახალი ვალდებულება გაუჩნდათ. კერძოდ, საუბარია, იმაზე რომ ქვეყანაში აუცილებელი ხდება დამსაქმებელმა დასაქმებულთა სამუშაო საათები აღწეროს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უკვე გამოსცა ბრძანება - სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ბრძანება 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სამუშაო დროის აღრიცხვა, სავალდებულოა დამსაქმებლებისთვის. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტების გაცნობა.
ბრძანების მიხედვით, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან ელექტრონული დოკუმენტის სახით 1 წლის განმავლობაში ინახება.