2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93,2%-ით გაიზარდა. იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 20-იანვრიდან გაჩერებული ენგურჰესია. ენგურჰესზე კი ელექტროენერგიის გენერაციის დაახლოებით 30% მოდის.
„ელექტრონული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ქვეყანამ მთლიანად 414 მილიონ 95 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 214 მილიონ 260 ათასი კილოვატ-საათი. 2021 წლის იანვარში იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 63,3% რუსეთზე მოდის.
გასულ თვეს რუსეთში საქართველომ 262 მილიონ 315 ათასი კილოვატ-საათი ელექტროენერგია იყიდა. ამასთან, 2021 წლის იანვარში დენის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდანაც, ჯამში 151 მილიონ 779 ათასი კილოვატ-საათი.
რაც შეეხება 2020 წელს, შარშან საქართველოში მთლიანად მილიარდ 610 მილიონ 100 ათასი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.