აშშ-მა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობაზე, პანდემიასთან ბრძოლასა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაზე უნდა გადაიტანოს - ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ავღანეთში არსებულმა ტერორისტულმა საფრთხეებმა სხვა ადგილას გადაინაცვლა, ახლა კი, პოლოტიკურ დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია. ბლინკენმა ასეთ მნიშველოვან თემებად ჩინეთთან ურთიერთობა, პანდემიასთან ბრძოლა და კლიმატური ცვლილების შეჩერება დაასახელა.
„ჩვენ მსოფლიოს უნდა ვუყუროთ არა 2001, არამედ 2021 წლის პრიზმაში. ჩვენ 20 წლის წინ ავღანეთში წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვქონდა. ახლა „ალ-ქაიდა“ ძალიან დასუსტებულია და მათ ავღანეთიდან აშშ-ზე თავდასხმა აღარ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ რამეს გაბედავენ, ეს ხანგრძლივ ომს გამოიწვევს, რაც მათ ინტერესებში ნამდვილად არაა“, -განაცხადა მან.