მცირე ზომის წითური მტაცებელი, რომელიც პირველად ჩინელებმა მოიხსენიეს მე-13 საუკუნის ისტორიულ წყაროებში "ცეცხლოვანი მელას" სახელით, ევროპელებმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაიცნეს, როცა აზიური ექსპედიციიდან მშობლიურ პარიზში დაბრუნებულმა ზოოლოგმა ფრედერიკ კიუვიემ საკუთარ ნაშრომში აღწერა ეგზოტიკური ცხოველი და მას "ბრჭყვიალა კატა" უწოდა, panda-ს სახელი კი, რაც ინდუიზმსა და ბუდისტურ რელიგიაში "სიკეთეს", "კეთილდღეობას" ან "დამსახურებას" ნიშნავს, მტაცებელმა ნეპალური სიტყვის poonya-ს წყალობით შეიძინა.
მართალია, წითელი პანდას ისტორიულ სამშობლოდ ჰიმალაის მთიანი რეგიონი ითვლება, მაგრამ საუკუნეების წინ ცხოველის წინაპრები აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს, თუმცა კლიმატური პირობების მკვეთრმა ცვლილებამ პოპულაციის შემცირება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ცხოველის გავრცელების არეალი. დღეს პანდა მხოლოდ ჩინეთის და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, მიანმარში, ნეპალსა და ბუტანში ბინადრობს, სადაც ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს არ აღემატება, ნალექი კი, წელიწადში 350 მილიმეტრს აღწევს.