რობერტ ზემეკისის ტრაგიკომედიამ, რომელმაც ორიგინალური ისტორიის, დახვეწილი იუმორისა და ოსტატურად შესრულებული ვიზუალური ეფექტების წყალობით დაიმსახურა „ოსკარის“ ექვსი პრემია, თანამედროვე ამერიკული კინოს შედევრად იქცა და მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.
ფილმის მოქმედება ალაბამას შტატის გამოგონილ ქალაქში გრინბოუში ვითარდება, მთავარი გმირი კი, ხერხემლის მძიმე ტრავმით და შეზღუდული ინტელექტით დაბადებული ფორესტ გამპია, რომელიც დიდხანს ითმენდა ადგილობრივების დაცინვას, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ისე დააფრთხო თანატოლების დევნამ, რომ ძალა მოიკრიბა და პროთეზის მიუხედავად დამოუკიდებლად შეძლო გაქცევა. მოუქანცავად სირბილის უჩვეულო უნარის წყალობით ფორესტი ჯერ უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდში მოხვდა, მერე მარათონში ჩაება და მთელი ამერიკა „შემოირბინა“.
საოცრად იღბლიანი გამპის ცხოვრება - სამხედრო სამსახური და ვიეტნამის ომში ბრძოლა,1965 წლის ცნობილ ანტისაომარ მარშში მონაწილეობა და პრეზიდენტ ჯონ კენედისთან შეხვედრა, წარმატებული ფინანსური ინვესტიცია და რომანი ბავშვობის მეგობარ ჯენისთან – მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე განვითარდა და ისიც ხან ნებით, ხან უნებლიეთ გახდა ამ მოვლენების მონაწილე. მეტიც, სიუჟეტის მიხედვით, სწორედ ფორესტს უნდა უმადლოდეს ელვის პრესლი თავის ცნობილ საცეკვაო მოძრაობებს, ჯონ ლენონი კი - სიმღერას Imagine, გამპის წყალობით გაიხსნა უოტერგეიტსის საქმე და სწორედ ის გახდა ე.წ. „სმაილიკის“ ავტორი.