დუეინ ჯონსონს მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, საინტერესოა მაინც რით დაიმსახურა ამ მსახიობმა საყოველთაო სიყვარული. ცოტა ხნის წინ ფორსაჟის ამ ვარსკვლავის ახალი ფილმი Red Notice გამოვიდა, რომელშიც დუეინ ჯონსონი გალ გადოტთან და რაიან რეინოლდსთან ერთად მთავარ როლს ასრულებს. სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად ჯონსონმა ფანებს სიურპრიზი მოუწყო: კინოთეატრში ფილმის ჩვენება გამართა და უფასო სეანსზე დაპატიჟა.
თუმცა მათ შორის ერთ-ერთ მაყურებელს განსაკუთრებულად გაუმართლა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი ოსკარ როდრიგესი ჯერ მსახიობმა სცენაზე მიიხმო და საჯაროდ ილაპარაკა მის დამსახურებებზე, შემდეგ კი საკუთარი მანქანა საჩუქრად გადასცა.
ამ ემოციური მომენტის ამსახველი კადრები დუეინ ჯონსონმა ინსტაგრამის პირად გვერდზე გაავრცელა:
"ვეცადე, დარბაზში მყოფ მაყურებლებზე მაქსიმალურად ბევრი რამ გამეგო და მათ შორის ოსკარის ისტორიამ ყველაზე მეტად იმოქმედა. ის თავის 75 წლის დედაზე ზრუნავს, პერსონალური ტრენერია, თავისი ეკლესიის წინამძღოლია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭერს მხარს, საზღვაო ძალების ამაყი ვეტერანი და კეთილი ადამიანია" — წერს დუეინ ჯონსონი ვიდეოს აღწერაში.
როგორც ეს 49 წლის მსახიობი აღნიშნავს, მას სურდა, ოსკარისთვის Porsche Taycan ეჩუქებინა, რომელსაც ფილმში Red Notice მისი პერსონაჟი მართავს, მაგრამ კომპანია პორშესგან თანხმობა ვერ მიიღო, ამიტომ გადაწყვეტა, საკუთარი ავტომობილი დაეთმო ოსკარისთვის.