საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.