საქართველოს პროკურატურამ მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მათი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.