ოსკაროსანი მსახიობი უილ სმიტი ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას მომდევნო 10 წელი ვეღარ შეძლებს. გადაწყვეტილება აკადემიის საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ, ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სმიტმა ნომინაციის წარმდგენ კრის როკს ხელი დაარტყა.
"საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 8 აპრილიდან მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ბატონი სმიტი არ დაიშვება აკადემიის ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებაზე, იქნება ეს ფიზიკურ სივრცეში თუ ვირტუალურად", — აცხადებენ კინოაკადემიის პრეზიდენტი, დევიდ რუბინი და აღმასრულებელი დირექტორი, დონ ჰადსონი.
"ვიღებ და პატივს ვცემ აკადემიის გადაწყვეტილებას "მე კინოაკადემიის ნდობას ვუღალატე და ჩემი საქციელის გამო ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვარ. ჩემი ქმედება ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოებაზე შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო. იმ ადამიანების სია, რომლებსაც ამ ქმედებით ზიანი მივაყენე, საკმაოდ გრძელია. კრისის, მისი ოჯახის, ჩემი ძვირფასი მეგობრების, საყვარელი ადამიანებისა და დაჯილდოების მაყურებლის მიმართ დანაშაული ჩავიდინე", — განაცხადა სმიტმა.
მსახიობმა ასევე ბოდიში მოუხადა ოსკარის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, რადგან მისი აზრით, ამ ადამიანებს თავიანთი წარმატების აღნიშვნაში ხელი შეუშალა და აღნიშნა, რომ გული ძალიან სწყდება.