ბორის ჯონსონი - მართალია, ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა ბორის ჯონსონი ჯერ ლონდონის მერი იყო, მერე საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ სახელი არა იმდენად საპასუხისმგებლო პოსტებზე სამსახურით, რამდენადაც საკუთარი ექსტრავაგანტურობით გაითქვა. ჯონსონი, რომლისთვისაც აბსოლუტურად უცხოა პოლიტკორექტულობა და ბრიტანული თავშეკავება, განსაკუთრებული პოპულარობით ჟურნალისტებს შორის სარგებლობს, ვისთვისაც პოლიტიკოსი მასხარა ინტელექტუალი და თაღლითი შოუმენი უფროა, ვიდრე სოლიდური და რესპექტაბელური ქვეყნის მმართველი. აღსანიშნავია, რომ სკანდალური რეპუტაცია ჯონსონმა შეგნებულად შეიქმნა, რადგან სწორედ ასე შეძლო უმაღლესი პოსტის - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება.
ჯონსონი, რომელიც ერთი შეხედვით, უხეში პროვინციალის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში არისტოკრატული წარმომავლობის, რესპექტაბელური გვარის შთამომავალია, რომლის წინაპრები სრულიად განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს მიეკუთნებოდნენ.
ბორისის დიდი ბაბუა მამის მხრიდან - მუსულმანი ალი ქემალი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, თურქ ნაციონალისტებს ემსხვერპლა გადატრიალებისა და ქვეყანაში რესპუბლიკური წყობის დამყარების დროს, დიდი ბაბუა დედის მხრიდან - იუდეველი ელიას ევერ ლევი კი, არა მხოლოდ ალბერტ აინშტაინთან მეგობრობდა, არამედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პალეოგრაფად ითვლებოდა და მოგვიანებით ოქსფორდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დაიკრძალა. ჯონსონის წინაპრებს შორის იყო მონარქი გეორგ მეორეც, რომელიც ბრიტანეთს 1727-1760 წლებში მართავდა. სხვათა შორის, სწორედ მან დაამკვიდრა მონარქების დაბადების დღის ზაფხულში აღნიშვნის ტრადიცია, მიუხედავად მათი ოფიციალური დაბადების დღისა.