უკრაინაში ომის გამო ევროკომისიამ წელს ევროპის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, ხოლო ინფლაციის - გაზარდა. ამის შესახებ ევროკომისიის უახლეს საგაზაფხულო პროგნოზში წერია, რასაც სააგენტო France-Presse ავრცელებს.
წელს ევროკომისია როგორც ევროკავშირში, ასევე, ევროზონაში მშპ-ს მხოლოდ 2.7%-ით ზრდას პროგნოზირებს, მაშინ, როცა სამი თვის წინ 4%-იან ზრდას ელოდებოდა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ზრდა 2.3%-მდე შენელდება.
ევროკომისიის პროგნოზით, ენერგორესურსების ფასების მატებასთან ერთად, წელს ინფლაცია, საშუალოდ, 6,1%-ს, ხოლო მიმდინარე კვარტალში 6,9%-ს მიაღწევს. აპრილში ინფლაციამ 7,5%-ს მიაღწია, რაც მონეტარული კავშირის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.