მართალია, ზღვის ზღარბი, რომელიც 900-ზე მეტ სახეობას აერთიანებს საკუთარ ოჯახში, სულ მცირე 500 მილიონი წლის წინ მოევლინა სამყაროს, მაგრამ დღემდე სერიოზულ თავსატეხად რჩება მეცნიერებისთვის, რადგან სხვა წყალქვეშა ცხოველებისგან განსხვავებით მეტად უჩვეულო ბიოლოგიური თავისებურებებითა და ექსტრემალური ცხოვრების წესით ხასიათდება.
უხერხემლოთა ჯგუფის და კანეკლიანების გვარის ნათესავების მსგავსად ზღარბიც ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობს სულ მცირე 7 კილომეტრის სიღრმეზე. ბინის შერჩევისას მთავარ კრიტერიუმს წყლის სიმლაშე წარმოადგენს, რადგან ზღარბისთვის წარმოუდგენელია ნაკლებად მარილიან გარემოს შეგუება, ამიტომ სახეობათა უმეტესობა ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეში, ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონების მარჯნის რიფებში ამჯობინებს დაბინავებას.
ზღვის ზღარბს, რომლის გაბარიტებსა და ეკლების სიგრძეს მეტწილად სახეობა განსაზღვრავს, სფეროს ფორმა აქვს, თუმცა ტანი იდეალურად მომრგვალებულიც შეიძლება იყოს და ოდნავ შებრტყელებულიც მკვეთრად გამოხატული წინა და უკანა მხარეებით.
ცხოველის სხეულს მჭიდროდ შეკრული კირქვის ფირფიტების ფარი აკრავს, რომელიც ერთის მხრივ, საიმედო ჯავშანს ანუ ნაჭუჭს ქმნის, მეორეს მხრივ, ზღარბის მომრგვალებულ ფორმას ინარჩუნებს.
რა თქმა უნდა, უჩვეულო ცხოველის სავიზიტო ბარათად სწორედ ეკლები ითვლება, თუმცა უეკლო ზღარბებიც მრავლად არიან, რომელთა სხეულს მხოლოდ პედიკელარიები ანუ მოდიფიცირებული წვრილი ნემსები ფარავენ. აღსანიშნავია, რომ ეკლების წყალობით, რომელიც კუნთოვანი ბოჭკოთი ამოვსებული სახსრის ტომრით აქვს ფირფიტებზე მიმაგრებული, ზღარბი არა მხოლოდ გადაადგილდება, არამედ საკვებს მოიპოვებს და მტრისგანაც საკმაოდ შედეგიანად იცავს თავს, მით უფრო, რომ ზოგიერთი სახეობისთვის ეკლები შხამიანი ჯირკვლების ერთგვარ გარე გაგრძელებაა.