მცირე ზომის შუშის ბაყაყი, რომლის მთავარ საიდენტიფიკაციო თავისებურებად გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე ტყავი ითვლება, ამფიბიათა ერთ-ერთი ყველაზე მინიატურული წარმომადგენელია. მართალია, თავის დროზე ბაყაყი ვასაკასებრთა ოჯახს მიეკუთნებოდა, რადგან სწორედ მათ ჰგავს გარეგნული მახასიათებლებით, მაგრამ მოგვიანებით დამოუკიდებელი ოჯახი შექმნა და რამდენიმე სახეობა გააერთიანა.
აღსანიშნავია, რომ ჰერპეტოლოგებმა მხოლოდ გასული საუკუნის დასაწყისში გაიცნეს შუშის ბაყაყი ეკვადორის ტერიტორიაზე, როცა ახლად აღმოჩენილი ამფიბია ორ სახეობად გაანაწილეს, მესამე - შინაგანი ორგანოების დასამალ საფარს მოკლებული ბადისებრი შუშის ბაყაყი კი, რომელიც დანარჩენებისგან თეთრი ძვლებით და კუნთებით გამოირჩევა, მოგვიანებით მოიძიეს.
ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ რეგიონებში გავრცელებული შუშის ბაყაყი, მეტწილად კოლუმბიისა და ვენესუელის, მექსიკის, პარაგვაისა და არგენტინის გაუვალ ჭაობიან ტყეებში ბინადრობს, თუმცა არანაკლებ კომფორტულად გრძნობს თავს ტროპიკული ტყეების მდინარეებისა და ტბების ნაპირზე.
ამფიბიას, რომლის სიგრძე საშუალოდ 30 მილიმეტრს შეადგენს ბრტყელი ტანი და ფართო, თუმცა პატარა თავი აქვს. აღსანიშნავია, რომ ნათესავებისგან განსხვავებით შუშის ბაყაყს არა გვერდებზე, არამედ თავის წინა ნაწილში აქვს მოთავსებული საკმაოდ მსხვილი, ამობურცული თვალები. არასტანდარტული მხედველობის ორგანო, რომლის ჰორიზონტალურად განლაგებული გუგები დღისით ნაპრალის ფორმის, ღამით კი, პრაქტიკულად მრგვალია, ერთგვარი ბინოკლისებრი მხედველობით უზრუნველყოფს ამფიბიას, რაც თავის მხრივ ნადირობასა და მსხვერპლის უშეცდომოდ ამოცნობაში ეხმარება.
ბაყაყის წვრილი, საწოვარათი აღჭურვილი კიდურები გრძელი თითებით ბოლოვდება, რომელთა წყალობით ამფიბია ყოველთვის მსუბუქად ეკვრის ფოთლების გლუვ ზედაპირს, აპკით უზრუნველყოფილი უკანა თათებით კი, რომელიც საგრძნობლად აფართოებს ტერფის გარშემოწერილობას, მარტივად გადაადგილდება ნებისმიერ ზედაპირზე.
სხვადასხვა ფერში დაწინწკლული ამფიბია, მეტწილად მომწვანო-ცისფერია, თუმცა ზურგი მოყვითალო, ყავისფერი ან ზეთისხილის ფერიც შეიძლება ჰქონდეს. შუშის ბაყაყის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებად თითქმის გამჭვირვალე მუცელი ითვლება, რომლის წყალობით დეტალურად შეიძლება მისი შინაგანი ორგანოების დათვალიერება - ღვიძლით დაწყებული, ქვირითით დასრულებული. მართალია, შუშის ბაყაყთა უმრავლესობას მხოლოდ მუცელი აქვს გამჭვირვალე, მაგრამ ზოგიერთი ერთიანად „შუშისაა“ ზურგისა და კიდურების, კუნთებისა და ძვლების ჩათვლით.
ძვლებში დაგროვილი ნაღვლის მჟავის მარილების წყალობით, რომელიც ერთგვარი საღებავის როლს ასრულებს, ამფიბია ყოველთვის მოხერხებულად ინიღბება და ერთიანად მწვანე ფერს იძენს თათების ჩათვლით. მეტიც, ზოგიერთ სახეობას უნიკალური პიგმენტითაც შეუძლია დაიკვეხნოს იმავე სპექტრის ინფრაწითელი გამოსხივებით, რომელსაც მცენარეები ასხივებენ, რაც არა მხოლოდ საიმედოდ შენიღბვაში, არამედ თერმორეგულაციაშიც ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ მდედრისგან განსხვავებით მამრს, რომელიც ყოველთვის თავგანწირვით იცავს საკუთარ ტერიტორიას, საკმაოდ მდიდარი ვოკალური არსენალი აქვს. სწორედ წრიპინით აფრთხილებს ბაყაყი დაუპატიჟებელ სტუმრებს და მშვიდობიანად სთავაზობს გაცლას, ხმამაღალი სტვენა კი, მუქარას ნიშნავს, რომელიც ყოველთვის შეიძლება გაგრძელდეს აგრესიითა და დაპირისპირებით.