მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მოახლოებული ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში ითამაშებს და საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად მონტენეგროს თამაში მთავარი ვარსკვლავის ნიკოლა ვუჩევიჩის გარეშე მოუწევს, რომელიც NBA-ში ჩიკაგო ბულსის ღირსებას იცავს. გასულ სეზონში მან 73-ვე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საშუალოდ 17.6 ქულა, 11.5 მოხსნა და 3.2 პასი ჰქონდა.მეტოქისთვის დიდი დანაკლისია 18 წლის ტალანტის ფედორ ზუგიჩის არყოფნაც, რომელიც მცირე ხნის წინ დასრულებული 20-წლამდელთა ევროპირველობის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში, საქართველოსა და მონტენეგროს გარდა, ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ითამაშებენ. კონკრეტულად ქართულ-მონტენეგროული დაპირისპირება ახლადაშენებულ თბილისი არენაზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 7 სექტემბერს შედგება და შესაძლოა, გადამწყვეტიც კი იყოს.შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა, მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და კიოლნი (გერმანია) მიიღებს, პლეი ოფი კი სრულად ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.