პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, უკრაინელ ოჯახებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარჩენილი, დაეხმარონ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში უკრაინელების დახმარების პროგრამა დასრულდა. მისი თქმით, უკვე გამოიყვანეს უკრაინელი ოჯახების ნაწილი, რომლებიც სასტუმროებში ან ოჯახებში უნდა დააბინავონ.
შეგახსენებთ, რომ გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გონიოში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე მოითხოვს, რომ სასტუმრო, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ, დატოვონ.
დღეს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მერიის განცხადებასი ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.