დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 148-დან 275 დოლარამდე, შროტზე კი 31,5-დან 39 დოლარამდე იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
ცნობისათვის, რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
ექსპერტების პროგნოზით, საექსპორტო გადასახადის გაზრდა მზესუმზირის ზეთის ისედაც ჩავარდნილ ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს.
რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, წელს ქვეყანაში 7 385 ტონა 13.9 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა. შემცირდა ასევე რუსეთიდან იმპორტიც, კერძოდ, 2021 წლის 6 თვეში ჩრდილოეთიდან შემოვიდა ჯამში 22,559 მლნ დოლარის ღირებულების 15 336 ტონა მზესუმზირის ზეთი, , მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 489 ტონა, 10,225 მლნ დოლარის ღირებულების.