რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გავრცელებულ პოსტს, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, ასევე რომელშიც საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად იყო მოხსენიებული, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, პოსტი აბსურდული და მავნებლურია და ის აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული განწყობების კიდევ ერთი გამოვლინებაა. მათივე თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაწერა ის.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ მსგავს განცხადებებს მკვეთრად და მკაფიოდ უპასუხოს.