საიამ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ "არასათანადო მოპყრობის საქმეზე" ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 2019 წლის 15 აპრილს, სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებას. საიას ინფორმაციით, ოჯახში შეკამათების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილი თელავის პოლიციაში გადაიყვანეს. სახლში დაბრუნების შემდეგ კი აცხადებდა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ორგანიზაციის ცნობით, მომხდარის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. საიას მიერ წარდგენილ საჩივარში დასაბუთებულია, რომ სახელმწიფომ საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმოების ვალდებულება დაარღვია. ასევე დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა ქმედებების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს.