რა თქმა უნდა, გენიალური ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს შემოქმედებას ყველა განსხვავებულად აფასებს, მაგრამ მის უზარმაზარ გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე ყველა ერთხმად აღიარებს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან კუბიზმის პიონერმა, რომელიც თავისი ექსტრავაგანტური და თვითმყოფადი შემოქმედებით მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის უტოლდება, არა მხოლოდ მე-20 საუკუნის ფერწერისა და სკულპტურის განვითარება განსაზღვრა, არამედ გამომსახველობითი ხელოვნების პრაქტიკულად ყველა სფეროში მოსინჯა შესაძლებლობები კერამიკას, ოფორტის ჩათვლით და ყველგან წარმატებას მიაღწია.
„მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“ - ხშირად იმეორებდა ნოვატორი პიკასო, რომელმაც საკუთარი განუმეორებელი სტილი შექმნა ხელოვნებაში, უზარმაზარი მემკვიდრეობა უსახსოვრა სამყაროს და დიდი ხნით დაიმკვიდრა თანამედროვეობის ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის სტატუსი.
პაბლო 1881 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა ანდალუსიის ქალაქ მალაგაში და ზედმეტად გრძელი სახელი - პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო რუის ი პიკასო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში დამკვიდრებული ტრადიციით პაბლომ საკუთარი წინაპრების, კათოლიკე წმინდანების პატივსაცემად შეიძინა 23 სიტყვისგან შემდგარი სახელი და პერსონალური იდენტიფიკატორების ერთგვარი „რეკორდსმენი“ გახდა, გვარი კი, რომლითაც სამყარომ გაიცნო, სინამდვილეში დედისგან - წარმოშობით იტალიელ მარია პიკასო ი ლოპესისგან ისესხა, რადგან მამის - ხოსე რუის ბლასკოს გვარი ნაკლებად ჟღერადად მოეჩვენა.
მძიმე მშობიარობის შედეგად დაბადებული პაბლო იმდენად სუსტად და უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, რომ ექიმებმა მკვდრად შობილად მიიჩნიეს და მთელი ყურადღება მარიაზე გადაიტანეს. ახლად დაბადებული პიკასო მხოლოდ ბიძის - დონ სალვადორის წყალობით გადარჩა, რომელმაც მეტი საიმედოობისთვის „ბავშვის გარდაცვალების ფაქტის“ შემოწმება გადაწყვიტა და ახალშობილს პირდაპირ სახეში შეაბოლა პირში დაგროვილი სიგარის ბოლი. სწორედ თამბაქოს სუნმა და არასასიამოვნო შეგრძნებამ შეაწუხა პაბლო, რომელმაც ხმამაღალი ყვირილით აუწყა სამყაროს საკუთარი დაბადება.
მოსაზრება, რომ ყველა დიდი შემოქმედის ბედი წინასწარაა განსაზღვრული პიკასომ, რომელიც თითქოს მხატვრად დაიბადა, საკუთარი მაგალითით დაადასტურა, რადგან მის პირველ სიტყვად სწორედ Piz იქცა, რაც ესპანური lápiz-ის შემოკლებული ვერსიაა და „ფანქარს“ ნიშნავს. მართალია, ფერწერის აკადემიური საფუძვლები 7 წლის პაბლოს მხატვარმა მამამ გააცნო, მაგრამ 13 წლის ასაკში იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი ნამუშევრები, ხოსე რუისმა შვილის უპირატესობა აღიარა და საკუთარი პალიტრა, ფუნჯები უსახსოვრა.
პირველი ნახატი „პიკადორი“ პაბლომ 9 წლის ასაკში შექმნა და კორიდა, ცხენზე ამხედრებული მატადორი ასახა. სხვათა შორის, ხის დაფაზე ზეთის საღებავით შესრულებული მცირე ზომის ნამუშევარი პიკასომ ერთგვარ თილისმად აქცია და სიცოცხლის ბოლომდე საგულდაგულოდ ინახავდა. პირველი მასიური, აკადემიური ნახატი „პირველი ზიარება“ კი, რომელზეც საკურთხეველთან მუხლებზე დაჩოქილი მშობლები და უმცროსი და აღბეჭდა, სწორედ ოჯახის წევრებს მიუძღვნა.
1895 წელს პაბლო ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადაბარგდა, სადაც დონ ხოსემ ლა ლონხას ნატიფი ხელოვნების სკოლაში დაიწყო მიწვეულ მასწავლებლად მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ერთ-ერთ უძველეს სასწავლებელში, რომელმაც თავისი აკადემიურობით გაითქვა სახელი, სტუდენტები მეტწილად ანტიკური კულტურის ტრადიციებით და საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული წესების მკაცრი დაცვით სწავლობდნენ, რაც მეტწილად თაბაშირის ტვიფრის კოპირებას გულისხმობდა.
მართალია, მცირეწლოვან პაბლოს ასაკმა არ მისცა აკადემიაში ჩაბარების საშუალება, მაგრამ პედაგოგებმა მამის თხოვნა გაითვალისწინეს და 14 წლის პიკასოს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცეს. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში მისაღები გამოცდა მთელი თვე გრძელდებოდა და რამდენიმე ეტაპს - ანტიკური ხელოვნების საფუძვლებს, ნატიურმორტს, ცოცხალ მოდელსა და ფერწერას აერთიანებდა, თუმცა პიკასომ დავალება ერთ დღეში და იმდენად ოსტატურად შეასრულა, რომ ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჩაირიცხა სასწავლებელში.
ვუნდერკინდ პაბლოს, რომელიც რამდენიმე წლით უფროს სტუდენტებთან ერთად სწავლობდა, თუმცა ოსტატობით ყველას ჯაბნიდა, განსაკუთრებით პედაგოგების რჩევები აღიზიანებდა, ვისთან ურჩობისა და წინააღმდეგობის გამო ხშირად ისჯებოდა. „ცუდად ვიქცეოდი, წესებს ვარღვევდი და მუდმივად „კარცერში“ ვხვდებოდი. „კარცერი“ სტუდენტებმა დაარქვეს, თორემ ისე ჩვეულებრივი ოთახი იყო თეთრი კედლებითა და გრძელი სკამით მთელი კედლის გაყოლებაზე. ძალიან მომწონდა იქ ყოფნა, სახატავი ალბომი მიმქონდა და მთელი დღე ვხატავდი. სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ ოთახში და შესვენების გარეშე დავხატავდი“, - იხსენებდა მოგვიანებით პიკასო.
ე.წ. „ცისფერი პერიოდი“ პიკასოს შემოქმედებაში 1901 წელს, პარიზში გადაბარგებით და „ცისფერი ოთახით“ აღინიშნა, რომელიც ჯერ კლიშის ბულვარზე იქირავა, მერე ნახატად აქცია. მართალია, იმ პერიოდში სწორედ ცისფრად ხედავდა მხატვარი სამყაროს, რომელსაც „ფერთა ფერს“ უწოდებდა, მაგრამ პერსონაჟები საკმაოდ რეალისტურად გამოიყურებოდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ „ცისფერი პერიოდის“ ნამუშევრებმა მოიპოვეს განსაკუთრებული პოპულარობა.
1904 წელს, პიკასოს შემოქმედებაში ცისფერი „ვარდისფერმა პერიოდმა“ ჩაანაცვლა, რომელმაც სახელი ნამუშევრებში მოჭარბებული მოყვითალო-წითლის, ღია ვარდისფრის და ერთგვარი უმწეო პერსონაჟების ასახვის წყალობით შეიძინა, რადგან პიკასო მეტწილად ცირკის მსახიობებს და აკრობატებს, ცხოვრებისგან გარიყულ, დაუცველ ადამიანებს ხატავდა, რომელთა ყოველი ჟესტი მათ სისუსტესა და ბედის მორჩილებაზე მიანიშნებდა.
გახმაურებულ სკანდალში, როცა 1911 წელს მონა ლიზაზე ფანატიკურად შეყვარებულმა ვინჩენცო პერუჯამ ლუვრიდან გაიტაცა და ვინჩის ნამუშევარი, პიკასოც აღმოჩნდა გაბმული. პოლიციამ მის მეგობარზე გიიომ აპოლინერიზე მიიტანა ეჭვი, რომელიც მანამდეც ზედმეტად აქტიურად ინტერესდებოდა მუზეუმის ექსპონატებით, მეტიც, ამბობენ, თითქოს ლუვრიდან დაკარგული მცირე ზომის აფრიკული სტატუეტები სწორედ ცნობილი პოეტის დაკვეთით იქნა გატაცებული.
დაკავებულმა აპოლინერიმ, რომელსაც იშვიათი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა, პოლიცია დაარწმუნა, რომ გატაცებული ჯოკონდა სწორედ მის მეგობარ პოკასოსთან „იმალებოდა“. მართალია, პოლიცია დიდხანს და მონდომებით ეძებდა მონა ლიზას კვალს მხატვრის სახელოსნოში, მაგრამ ვერაფერს მიაგნო და იძულებული გახდა ხუმარა მეგობრები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა.
1907 წლის აგვისტოს ბოლოს პიკასომ უზარმაზარ ტილოზე „ავინიონელ ქალებზე“ დაასრულა მუშაობა, რომელმაც 6 კვადრატული მეტრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მხატვარი მთელი ექვსი თვით გამოიკეტა საკუთარ სახელოსნოში, ერთ მშვენიერ დღეს კი, უახლოესი მეგობრები მიიწვია და სწორედ მათ წარუდგინა საკუთარი შედევრი, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით ახალი და სრულიად განსხვავებული - თანამედროვე ხელოვნების პირველ ნამუშევრად იქცა.
1907 წელს მეგობართან, ფრანგ მხატვართან ჟორჟ ბრაკთან ერთად პაბლო პიკასომ ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც მოგვიანებით „კუბიზმის“ სახელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ტერმინი ფრანგ ხელოვნებათმცოდნეს ლუი ვოქსელს ეკუთვნის, რომელმაც პირველმა შენიშნა, პიკასოსა და ბრაკის ნამუშევრებში „პატარა კუბიკები“ და მხატვრებს „უჩვეულო კუბისტები“ უწოდა.
მართალია, პიკასოს ნამუშევრებში სხვადასხვა ეპოქის ოსტატების გავლენა შეიმჩნევა, მაგრამ თავად მხატვარი ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ იმპრესიონისტმა პოლ სეზანმა განსაზღვრა მისი შემოქმედება.
სხვათა შორის, 1958 წელს საფრანგეთის სამხრეთში, პატარა სოფელ ვოვენარგში მოგზაურობისას, პიკასომ შემთხვევით აღმოაჩინა ციხე-სიმაგრე, რომელიც სწორედ იმ სენტ-ვიტკუარის მთის ფერდობზე იყო აგებული, რომელიც სულ მცირე 30-ჯერ ასახა საკუთარ ნამუშევრებში პოლ სეზანმა. პაბლომ დაუფიქრებლად შეიძინა უძველესი ნაგებობა, მოგვიანებით კი, აღფრთოვანებულმა აღნიშნა, რომ „ახლა მხოლოდ მას ეკუთვნის სეზანის მთები!“ აღსანიშნავია, რომ 1973 წელს ფრანგულ პროვინციაში - მუზენში გარდაცვლილი მხატვარი სწორედ საკუთარ ციხე-სიმაგრეში დაიკრძალა.
„გერნიკა“, რომელიც მოგვიანებით მე-20 საუკუნის უდიდეს ტრაგიკულ ნამუშევრად შეფასდა, პიკასომ 1937 წლის ივნისის თვეში შექმნა ბასკეთის პატარა ქალაქის - გერნიკას დაბომბვის შემდეგ.
ზუსტად ერთი წლით ადრე ესპანეთში სამოქალაქო ომში დაიწყო რესპუბლიკელებსა და ნაციონალისტებს შორის, რომელთაც სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული დიქტატორი ფრანცისკო ფრანკოს ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, სხვა ესპანელი ხელოვანების მსგავსად პიკასოც თავიდანვე რესპუბლიკელებს მიემხრო და აქტიურად გაილაშქრა ფრანკოს წინააღმდეგ. მეტიც, მხატვარმა ე.წ. ანტიფრანკისტული გრავიურების მთელი სერიაც შექმნა და პირველად გააკეთა საჯარო პოლიტიკური განცხადება.
სწორედ ფრანკოს ბრძანებით ემსხვერპლა გერნიკა იტალიელი და გერმანელი მფრინავების მასირებულ დაბომბვას, როცა პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა მშვიდობიანი ქალაქი. საზარელი ცნობა პიკასომ პარიზში შეიტყო და რა თქმა უნდა, საკუთარ ენაზე გააპროტესტა მომხდარი ტრაგედია - უზარმაზარმა ტილომ, რომელზეც მხატვარმა დაჭრილი ცხენი, თავმოკვეთილი ჯარისკაცი და ქალი ასახა დაღუპული ბავშვით ხელში, ზუსტად აღწერა ომის ყველა საშინელება.
არსებობს ლეგენდა, თითქოს გერმანელი ოფიცრისთვის, რომელმაც პირველად ნახა „გერნიკა“, იმდენად შთამბეჭდავი, თუმცა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ნამუშევარი, რომ დაზაფრულმა ჰკითხა პიკასოს, „ეს მართლა თქვენ გააკეთეთ?“, რაზეც მხატვარმა იმედგაცრუებით უპასუხა, „არა, ეს თქვენ გააკეთეთ!“
78-წლიანი კარიერის მანძილზე პაბლო პიკასომ 147 800 ნამუშევარი შექმნა - 13 500 ნახატის, 100 000 გრავიურის და 34 000 ილუსტრაციის, 300 ქანდაკების, კერამიკული ნაკეთობის ჩათვლით და ერთგვარ რეკორდსმენად - მე-20 საუკუნის ყველაზე ნაყოფიერ შემოქმედად იქცა. ამასთანავე, პიკასო პირველი მხატვარი გახდა, ვინც 90 წლის იუბილეს აღსანიშნად პარიზში, ლუვრის დიდ გალერეაში მიიღო პერსონალური გამოფენის მოწყობის უფლება.
პიკასოს საკულტო მაისური ბრეტანის ზოლებში, რომელიც 1858 წელს ფრანგი მეზღვაურების ოფიციალურ ფორმად იქცა, არც კოკო შანელს გამორჩა. მეტიც, ცნობილმა დიზაინერმა პიკასოსეული „უნიფორმის“ საკუთარი, საავტორო ვერსია შეიმუშავა და ეფექტური ბრენდი შექმნა, რომელიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ კლასიკურ მაისურს აუცილებლად 21 ზოლი უნდა ამშვენებდეს, რომელთაგან თითოეული ნაპოლეონის გამარჯვებებს სიმბოლიზირებს.
1935 წელს, პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ პაბლო პოეზიამ გაიტაცა და ოთხ წელიწადში არა მხოლოდ 300-მდე უსათაურო ლექსი შექმნა, არამედ 2 სიურრეალისტური პიესაც დაწერა. მართალია, იმ პერიოდში პიკასო დარწმუნებული იყო, რომ სწორედ პოეზიით გაითქვამდა სახელს, მისი ფერწერული ნამუშევრები კი, შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მხატვრის წინასწარმეტყველება არ ასრულდა.
2021 წლის მონაცემებით პაბლო პიკასოს ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად „ალჟირელი ქალები. ვერსია О“ ითვლება, რომელიც 2015 წელს გამოიფინა გასაყიდად ნიუ-იორკში, Christie’s აუქციონზე. მართალია, ნახატის საწყისმა ფასმა 140 მილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ ყატარის ყოფილმა პრემიერ-მინსტრმა ჰამად ბენ ჯასიმ ბენ ჯაბერ ალ ტანიმ მთელი 179, 4 მილიონი გადაიხადა და უნიკალური ნამუშევრის ბედნიერი მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რეკორდსმენად ფრენსის ბეკონის ტრიპტიხი „სამი ჩანახატი ლუსიენ ფროიდის პორტრეტისთვის“ ითვლებოდა, რომლის საწყისმა ფასმა 85 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა საბოლოოდ 142, 4 მილიონად გაიყიდა.
2007 წელს ამერიკულმა გამოცემამ Newsweek-მა სწორედ პიკასოს „ავინიონელი ქალები“ დაასახელა საუკუნის ყველაზე გავლენიან ხელოვნების ნიმუშად, რასაც რამდენიმე წლის შემდეგ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია მოჰყვა, რომლის ავტორმა, ხელოვნებათმცოდნე ჰოლანდ კოტერმა წინამორბედის შეფასება დაადასტურა და აღნიშნა, რომ სწორედ პიკასომ და მისმა „ავინიონელმა ქალებმა“ განსაზღვრეს მსოფლიო ხელოვნების ისტორია.