ბინები წლიურად 15%-ით გაძვირდა. 2022 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 700 ერთეული შეადგინა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 44%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ collier-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით.
ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი. ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად კი 15%-ით არის გაზრდილი. გარეუბნებში 9%-იანი, ქალაქის ცენტრში კი 16%-იანი გაძვირება ფიქსირდება. რაც შეეხება ძველ ბინებს, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში, ფასების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.