2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 571.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.6 პროცენტს შეადგენს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი).
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 683.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 365.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 192.7 მლნ. აშშ დოლარით.