სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო, - ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქმული სიტყვა.
გია ხუხაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში.
„ხელისუფლება ქართველ ხალხს ობსტრუქციას უწყობს. ამ ქვეყნის უმრავლესობა არის პროდასავლური, ევროკავშირისკენ მიმავალი და ხელისუფლება აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას, არღვევენ კონსტიტუციის მოთხოვნებს და ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ დგას კონსტიტუციური ჩანაწერი, რასაც ჩვენი პროდასავლური გზა ჰქვია, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ხოლო პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი ანუ დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში.
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი და ძალიან გამართული იყო. ის ფაქტობრივად ყველა ასპექტს შეეხო, ყველა პრეტენზიას, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან არის წაყენებული ხელისუფლების მიმართ, იყო საკმაოდ პრინციპული, საკმაოდ მკვეთრი და გასაგები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.