საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან 79 მილიონ 610 ათასი დოლარის ღირებულების 25 660 ტონა ცოცხალი საქონელი გავიდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე საქონლის ექსპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მაშინ საქართველოდან დაახლოებით 17 მლნ დოლარის ღირებულების 9 332 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა. გამოდის, რომ 2023 წელს 2009 წელთან შედარებით თანხობრივად ზრდა 371%-ია, მოცულობით კი 175%. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2023 წელს მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტი მხოლოდ 4 ქვეყანაში განხორციელდა, ესენია ერაყი, აზერბაიჯანი, ირანი და სომხეთი. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მსხვილფეხა ცოცხალი პირუტყვის ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა წლების განმავლობაში კრიტიკის საგანი იყო. ფერმერების ნაწილი ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვის დაწესებასაც ითხოვდა. უკვე 2020 წელს კი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა ჯერ 140 კგ-მდე, შემდეგ კი 200 კგ-მდე გაიზარდა. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გამოითქვა ვარაუდი, რომ ქვეყნიდან საქონლის ექსპორტი შემცირდებოდა, თუმცა ექსპორტი კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც.