ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა, ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში სტუბმა ხმათა 51,6% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, „მწვანეთა“ კანდიდატმა, პეკა ჰაავისტომ კი ხმათა 48,4% დააგროვა. სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისთვის უდიდესი პატივია. მანვე უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს, პუტინთან რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგის გამართვაზე საუბარი რთულია. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, პეკა ჰაავისტომ ოპონენტს გამარჯვება მიულოცა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველ მარტს გაიმართება. ალექსანდ სტუბი, საული ნიინისტეს ჩაანაცვლებს, რომელიც ორი ექვსწლიანი ვადის შემდეგ პენსიაზე გადის. მედიის ცნობით, ნიინისტეს რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, სტუბი კი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია.