ზედიზედ მეშვიდე წელია, ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. ანგარიში ეყრდნობა გლობალური გამოკითხვის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც 140-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი გამოიკითხა. ქვეყნების რეიტინგი ბედნიერების მიხედვით, ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე დგება და საანგარიშო პერიოდად აღებულია წინა სამი წელი. ამ შემთხვევაში 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდი შეაფასეს. სხვათა შორის, წლევანდელი ანგარიში პირველია, რომელიც მოიცავს ცალკეულ რეიტინგებს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით და ამ კუთხით საქმე არც ისე სახარბიელოა. მაგალითად, ჩრდ. ამერიკის ახალგაზრდებში ბედნიერების შეგრძნება იმდენად დაბალ ნიშნულზეა, რომ ამ მაჩვენებლის გამო აშშ ტოპ-20-ს გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ამერიკამ საუკეთესო ოცეული დატოვა პირველად მას შემდეგ, რაც ეს ანგარიში ქვეყნდება, ანუ 2012 წლიდან. მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყნის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე როგორც უკვე გითხარით ფინეთია, შემდეგ მოდის დანია, ისლანდია, შვედეთი, ისრაელი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია და ავსტრია. რაც შეეხება საქართველოს, ბედნიერების ინდექსით ჩვენი ქვეყანა ძალიან დაშორებუალია ტოპ ათეულს და მხოლოდ 90-ე ადგილზე იმყოფება .მეზობელი თურქეთი 106-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 92-ზე, რუსეთი - 70-ზე, ხოლო სომხეთი - 79-ე პოზიციას იკავებს. რეიტინგში ბოლო პოზიციები კი კვლავ ავღანეთმა, ლიბანმა, ლესოტომ, სიერა ლეონემ და კონგომ გადაინაწილეს.