ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 52 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 353 მლნ ლარით გაიზარდა და თებერვლის ბოლოს 52 მილიარდ 240 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 402 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 49 მლნ ლარით შემცირდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8 მილიარდ 640 მილიონი ლარის ოდენობის, ხოლო უცხოური ვალუტით 14 მილიარდ 460 მილიონი ლარის მოცულობის სესხი. 2024 წლის თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, ანუ დაახლოებით 223 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 27 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.74% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.40% ით არის გაზრდილი.