საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის თებერვალში აუქციონის გარეშე, Bmatch პლატფორმაზე 77.5 მლნ დოლარი იყიდა. სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ მოცულობის დოლარი ეროვნულ ბანკს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ არ შეუსყიდია. მაშინ სებ-მა აუქციონის გარეშე 110 მლნ დოლარი შეიძინა. ექსპერტების ნაწილი სწორედ ამ სავალუტო ტრანზაქციას უკავშირებს ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე წერს, რომ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის. ანუ სავალუტო აუქციონიდან განსხვავებით, Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ქვეყნდება. ასეთი ქმედებით კი, ეროვნული ბანკი დამახინჯებულ სიგნალს უგზავნის ბაზარს, გაუგებრობაში ამყოფებს ბიზნესს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ინსაიდერული ინფორმაციის ექსკლუზიური ფლობა კი შეიძლება გახდეს არაჯანსაღი მანიპულაციების, მათ შორის კორუფციის წყარო. გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს ლარის დასუსტების ხარჯზე. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, სავალუტო ბაზრის დინამიკაზე დაკვირვებით ვარაუდობს, რომ თებერვლის თვეში ეროვნული ბანკი მხოლოდ ყიდულობდა უცხოურ ვალუტას. „რაც შეეხება მარტის თვეს, აქ სურათი ცოტა განსხვავებულია-როგორც ჩანს ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა შესყიდვებს, ვერ გათვალა სწორად ბაზარზე არსებული ტენდენციები, ლარმა დაიწყო გაუფასურება და მის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შეძენილი უცხოური ვალუტის უკან ჩაბრუნება, ანუ გაყიდვა ლარის კურსის შესანარჩუნებლად. მარტის თვის შედეგებით, შესყიდვები მაინც მეტი იქნება, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ფარგლებში“. - წერს გოცირიძე ე. წ Bmatch პლატფორმაზე გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზის შედეგად.