საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები იგეგმება. ქართული ოცნების მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით პარტიებს შესაძლოა მიეცეთ უფლება, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ. ამავე პროექტით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიციური პარტიები კრიტიკულად აფასებენ. ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. განსხვავებული მოსახრება აქვთ მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში ოპონენტების მხრიდან სპეკულაციის მცდელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ოპოზოციური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირულნი.