ჩაატარებს თუ არა გიორგი კალანდარიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს? - საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და 3 წევრი უნდა აირჩიოს. ცესკოს მოქმედი თავჯმდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია. ის ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებს და ახლა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ისევ ემზადება. განაცხადის შესატანად მოქმედ თავმჯდომარეს ვადა 9 აპრილამდე აქვს. ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების კონკურსში მონაწილეობა 25 წელს ზემოთ, ყველა იმ პირს შეუძლია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი არ ყოფილა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, კონკურსი ევროპული პრაქტიკის შესაბამისად წარიმართება. ოპოზიცია კი ამ შეფასებას არ ეთანხმება - ხელისუფლების ოპონენტებმა ამ პროცესის მიმართ უნდობლობა უკვე გამოხატეს.