ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა, რომელბსაც მოქალაქეები ვერ იხდიან 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. საქართველოში მსესხებლების 10,1%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღებულ სესხს ვერ ფარავენ. „კრედიტინფოს“ 2024 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 194 745 მსესხებელს აქვს, კონტრაქტების რაოდენობა კი 375 137-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 მილიარდ 128 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ვადაგადაცილებულ კრედიტზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 220 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება - 224 016 პირს უფიქსირდებოდა, 2023 წლის აგვისტოში - 221 602 პირს; 2023 წლის დეკემბერში კი - 201 047 მსესხებელს. საერთო ჯამში, თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი მილიონ 928 ათას 17 ადამიანს აქვს, ჯამში 44 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.7% საბანკო სექტორზე მოდის. უფრო კონკრეტულად კი, თებერვლის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კრედიტი სულ 1 578 357 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 99 505 ადამიანია. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 756 029 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 მილიარდ ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 113 395 მსესხებელს უფიქსირდება.