საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა. მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის პირველ ორ თვეში, 1 კგ ყავის იმპორტი საშუალოდ, 3.53 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 3.78 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ყავის იმპორტი 7.1%-ით გაუძვირდა. მსოფლიო ბაზარზე სექტემბრისთვის რებუსტას ყავის გლობალური მიწოდების 20%-ით კლებას ვარაუდობენ. ამის მიზეზი მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში, ვიეტნამში, გვალვის გამო, პროდუქციის წარმოების შემცირებაა. საქართველოში ყავის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნებია ინდონეზია, ვიეტნამი, რუსეთი, იტალია და გერმანია. ვიეტნამის წილი ყავის იმპორტში დაახლოებით 17.8%-ია, რითაც ის საქართველოში მეორე ყველაზე მსხვილი ყავის იმპორტიორი ქვეყანაა. მიუხედავად შემცირებული წარმოებისა, 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ვიეტნამიდან საქართველოში მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი 40%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს თუ 651 ათასი დოლარის 307 ტონა ყავა შემოვიდა ქვეყანაში, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 908 ათასი დოლარის 327 ტონა. ამასთანავე, გასულ წელს ვიეტნამიდან 1 კგ მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი 2.1 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს - 2.8 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიეტნამიდან ყავის იმპორტი 33%-ით გაგვიძვირდა. რაც შეეხება ყავის მთლიან იმპორტს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ დროსთან შედარებით, ყავის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 5 მილიონ 108 ათსი დოლარის ღირებულების 1 351 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში - 3 მილიონ 651 ათასი დოლარის ღირებულების 1 035 ტონა.