ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ჯარისკაცების ოჯახების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანა რაფაჰში შესასვლელად ემზადება. მისი თქმით, მძევლების გათავისუფლებას მხოლოდ სამხედრო ზეწოლა უზრუნველყოფს, ამიტომ რაფაჰში შესვლა აუცილებელია. პარალელურად, საერთაშორისო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და ღაზას სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობენ. ლიდერები ისრაელს ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.