საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა. ფედერაციის ინფორმაციითვე, ბილეთების რეალიზაცია პროცესში უეფას უშუალო ჩართულობით წარიმართება. ამ ეტაპზე კი ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მოხდება. დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, გულშემატკივარს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მიაწვდის.