თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა - „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ სტამბოლსა და ანკარაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნების შედეგები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, მნიშვნელოვანი დარტყმაა. სტამბოლში მოქმედმა მერმა, „სახალხო რესპუბლიკურიპარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 50 %-ი მიიღო და „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ წარდგენილი კონკურენტი დაამარცხა. ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ თურქეთის ბევრ სხვა დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაშიც ლიდერობს. შეგახსენებთ, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა.