ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. ამასთან, განმარტავენ, რომ ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.