ისრაელის ოფიციალური პირები რაფაჰში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ აშშ-ის შეთავაზების განხილვას დათანხმდნენ. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა, რომელიც თითქმის 2 საათს გაგრძელდა დასრულდა შეთანხმებით, რომ ღაზას სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომავალ კვირაშიც გაიმართოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen ღაზაში საქმიანობას დაუყოვნებლივ აჩერებს, მას შემდეგ, რაც ორგანზაციის 7 წევრი თავდასხმას ემსხვერპლა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ერინ გორის თქმით, შეძრწუნებულია მათი თანამშრომლების დაღუპვის გამო, რომლებიც „ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანმიმართულ თავდასხმას ემსხვერპლნენ“. მისი განმარტებით, თავდასხმის დროს თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რომელზეც ორგანიზაციის ლოგო იყო გამოსახული. გარდაცვლილები ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.