ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება. მთავრობის განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას დაევალა ტენდერის საშუალებით მომსახურების შესყიდვა. თბილის-ბათუმის შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა არაუმეტეს 3 049 973 დოლარი უნდა იყოს.
მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის დაფინანსება ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდება. განკარგულების თანახმად, დანარჩენი თანხის ანაზღაურება ბილეთებიდან შესული თანხით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ბათუმის ხაზზე ხომალდის მინიმალური ტევადობა 40 მგზავრი უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 115 დოლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით. მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი 168 დოლარი იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი 129 დოლარით განისაზღვრება.