პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე - ოქრო პორტფელის დივერსიფიცირების კარგ საშუალებად მიიჩნევა. მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.“გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის - 1.5 მლრდ დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, ეროვნულ ბანკმა გადაწყვიტა საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივები დაემატებინა. სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.