ინდოეთმა, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, 2028 წლისთვის შესაძლოა, ჩინეთს გადაუსწროს. ამის შესახებ „ბლუმბერგ ეკონომიქსის“ პროგნოზში წერია. სააგენტოს შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკა ზრდას ანელებს, ხოლო დასავლელი პარტნიორები მასში კონკურენტს სულ უფრო ხედავენ, ვიდრე პარტნიორს. ამის პარალელურად ინდოეთის საფონდო ბაზარი იზრდება, ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს იზიდავს და სხვა ქვეყნებთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს დებს. „ბერკლისი“ და სხვა საინვესტიციო ბანკები პროგნოზირებენ, რომ პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის მომდევნო ხუთწლიან ვადაში, რაზეც საყოველთაო არჩევნები მაისში გაიმართება, ქვეყანას შეუძლია, გლობალური ეკონომიკური ზრდის ძრავის როლში ჩინეთი ჩაანაცვლოს. თუმცა Bloomberg Economics-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია. კერძოდ, საბაზისო სცენარით, ინდოეთის ეკონომიკური ზრდა ამ ათწლეულის ბოლოსთვის 9%-მდე დაჩქარდება, ხოლო ჩინეთის 3.5%-მდე შენელდება. ყველაზე პესიმისტური სცენარითაც კი ინდოეთის ეკონომიკა 6,5%-ით იზრდება, რითიც ქვეყანა ჩინეთისთვის გადასწრებას 2037 წელს შეძლებს. ამჟამად ინდოეთის მშპ 3,5 ტრლნ დოლარი, ჩინეთის კი 17,8 ტრლნ დოლარია. 2023 წლის მეოთხე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა, წლიური თვალსაზრისით, 5,2%-ით, ხოლო ინდოეთის მშპ მესამე ფისკალურ კვარტალში, ანუ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 8.4%-ით გაიზარდა. ცნობისთვის: 2023 წლის ზაფხულში Goldman Sachs-ის ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ინდოეთის ეკონომიკა 2075 წლისთვის მსოფლიოში სიდიდით მეორე გახდება და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრებს, როგორიცაა იაპონია, გერმანია და აშშ, ხოლო ჩინეთს მიუახლოვდება. ბანკის პროგნოზით, 52 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკის ოდენობა 57 ტრლნ დოლარს, ინდოეთის მშპ 52,5 ტრლნ დოლარს, ხოლო აშშ-ის ეკონომიკა 51,5 ტრლნ დოლარს იქნება. ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი, მუკეშ ამბანი, რომელიც 117 მლრდ დოლარით Forbes-ის სიაში მე-11 ადგილზეა, თვლის, რომ 2047 წლისთვის ქვეყნის მშპ 40 ტრლნ დოლარამდე გაიზრდება.