თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახალი რეგიონული კონფლიქტები, შესაძლებელია იქამდე გაგრძელდეს, ვიდრე ღაზაში „სისასტიკე და გენოციდი“ არ შეწყდება. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელზე ირანის თავდასხმის დაგმობის გამო დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ირანში „ჭეშმარიტი პასუხი“ უწოდეს. როგორც თეირანში აცხადებენ, 13 აპრილის იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რომელსაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.