რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშატაბის ცნობით, გასულ 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 2 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 75-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 68 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის პრეზიდენტი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების აუცილებლობაზე საუბრობს და მოკავშირეებს ქვეყნისათვის მათი გადაცემისკენ მოუწოდებს. ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის განცხადებით, რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩაუსის ცნობით, ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.