„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს დილით დასრულდა. საპროტესტო აქცია 2 ლოკაციაზე - პარლამენტთან და ასევე მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეები პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვედრას და კანონპროექტზე საუბარს სთხოვდნენ, თუმცა ამ მოთხოვნას მთავრობის მეთაური არ გამოხმაურა. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 2 მოქალაქე დააკავა. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პოლიციამ აქციის ტერიტორიიდან განარიდა, თავს კარგად გრძნობს. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ელისაშვილი მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით თავადვე ისაუბრებს. რაც შეეხება მომდევნო აქციის დროსა და ლოკაციას, აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.