საქართველო, სომხეთთან ერთად, რუსეთში კონიაკის ძირითადი მიმწოდებელია და საფრანგეთსა და ესპანეთს უსწრებს. მონაცემებს რუსეთის ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კონტროლის სააგენტო ავრცელებს. 2023 წელს რუსეთში კონიაკის მთლიან მიწოდებაში სომხეთის წილი 61,7%, საქართველოსი კი 22,5%-იყო. ამ სასმელის იმპორტში საფრანგეთის წილი 7,4%, ხოლო ესპანეთის - 2,8% იყო. რაც შეეხება ყურძნის ღვინის მიწოდებას, საქართველო და იტალია თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ, თუმცა წამყვან ხუთეულში სააგენტო ცალკე ოკუპირებულ რეგიონს აფხაზეთსაც ასახელებს. ამდენად, რუსეთში ყურძნის ღვინის მთლიან მიწოდებაში აფხაზეთთან ერთად საქართველოს წილი 26,2%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.